logo
ENG



"საშუალოდ მომზადებული" - ევროკომისია EU-სთან საქართველოს თანხვედრაზე ანგარიშს აქვეყნებს

03 თებ 202310:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ევროკომისია საქართველოს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან "საშუალოდ მომზადებულად" აფასებს.

ანგარიშში, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მზაობას აფასებს, ვკითხულობთ, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთისთვის, ბელარუსისთვის და მიანმარისთვის დაწესებულ სანქციებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია აპლიკანტი ქვეყანა მონაწილეობას იღებდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებში და გამოიყენოს შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.

ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, წერია, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 30-ზე მეტ სფეროში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიღწევები უმეტეს შემთხვევაში საშუალოდ მომზადებულად ან მომზადების გარკვეული დონის მქონედ არის შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით.

კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია, რის შედეგადაც, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია.

საშუალოდ არის მომზადებული საქართველო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ევროკავშირთან შეთავსების გასაზრდელად. კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამ კუთხით ნახსენებია სანქციების საკითხი, რომელსაც საქართველო არ უერთდება.

ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს. ევროკავშირის კანონმდებლობა შედგება საბჭოს გადაწყვეტილებებისგან, პოლიტიკური დეკლარაციებისგან, ერთობლივი ქმედებებისგან, საერთო პოზიციებისა და შეთანხმებებისგან. აპლიკანტ ქვეყნებს მოეთხოვებათ თანდათანობით შეუერთდნენ ევროკავშირის განცხადებებს და გამოიყენონ  შემაკავებელი ზომები, როდესაც და სადაც ეს საჭიროა.

 


close დახურვა